გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე
სერიოზული პრობლემა

ალბათ, მიხვდებით, რაზეც გვექნება საუბარი - სტენოკარდიაზე, ინფარქტზე, ინსულტზე, სხვადასხვა სახის თრომბოზებსა და ემბოლიებზე, ანუ გულისა და სისხლძარღვთა დაავადებებზე.

ისინი, დღესაც, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ, ვიდრე ომები, კატასტროფები, ან სხვა დაავადებები. მათი გართულებებით გამოწვეული ინვალიდობის ხარისხი ხშირად ძალზე მაღალია (მაგალითად, ინსულტების დროს).

იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე ბროშურით მიღებული რჩევები ოდნავ მაინც დაგეხმარებათ ამ პრობლემების დაძლევაში!

მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რისკის ფაქტორები, რომლებიც მათ განვითარებას განაპირობებენ, მსგავსია.

აი ეს რისკის ფაქტორებიც:

თამბაქოს წევა

"სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!"
"სიგარეტის მოწევა იწვევს გულის დაავადებებს!"

ამ ფრაზებს თქვენ ყოველდღიურად ხედავთ და კითხულობთ ტელევიზორის ეკრანზე, სარეკლამო აბრებზე და სიგარეტის ყოველ კოლოფზე. ამჩნევთ კი?

თამბაქოს მოწევა იწვევს ან ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა:

ავთვისებიანი სიმსივნეები:

ტუჩის, პირის ღრუს, ხახის, საყლაპავი მილის, პანკრეასის, ხორხის, ფილტვის, ტრაქეის და ბრონქების, შარდის ბუშტის, თირკმლის და სხვა;

კარდოვასკულარული დაავადებები:

გულის რევმატული დაავადება, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავდება, ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, და სხვა;

სასუნთქი სისტემემის დაავადებები:

ტუბერკულოზი, პნევმონია და გრიპი, ბრონქიტი და ემფიზემა, ასთმა, და სხვა;

ამის გარდა, თამბაქოს წევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ქრონიკული გასტრიტი, კოლიტი, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა შევიწროება და განგრენა, აგრეთვე - სმენის, მხედველობისა და მეხსიერების საგრძნობ დაქვეითებას, გლაუკომას.

ისიც გახსოვდეთ, რომ თამბაქოს პასიური მოწევა (ანუ გაბოლილ ოთახში ყოფნა), არანაკლებ მავნებელია გარშემომყოფთათვის!

თამბაქოს მოწევის ფონზე წარმოშობილი ჯანმრთელობის პრობლემები გარკვეულ დრომდე შექცევადია - სიგარეტის მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი უკუგანვითარებას განიცდიან!

სქემაზე ნაჩვენებია, თუ როგორ მოქმედებს თამბაქო მწეველთა ორგანიზმზე.

გაუფრთხილდით ჯანმრთელობასა და ოჯახის ბიუჯეტს!

დღეიდანვე უარი თქვით თამბაქოს მოწევაზე, საამისოდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე მარტივი მეთოდი:

დაიწყეთ მოსაწევ სიგარეტებს შორის დროის ინტერვალების გაზრდა.

მოსაწევად აღებული სიგარეტი ხელში გეჭიროთ 10 -15 წუთი, სანამ მოუკიდებთ.

დაწყებული სიგარეტი ბოლომდე არ მოსწიოთ, დატოვეთ ერთი მესამედი მაინც,

თავიდანვე მოაკელით ახალ გახსნილ სიგარეტის ყუთს რამდენიმე ცალი სიგარეტი.

თუ ამ მავნე ჩვევის სიძლიერე და ნებისყოფის სიმცირე ამის საშუალებას არ გაძლევთ, მიმართეთ დღეს მრავლად არსებულ სპეციალურ სამედიცინო ცენტრებს, რომლებიც თქვენ თამბაქოს მოწევას გადაგაჩვევენ.

up


არასწორი კვება

მართალია, საქართველო გურმანების ქვეყანაა და ქართველებმა ვიცით გემრიელი კერძების ფასი, მაგრამ, მაინც აუცილებელია გაითვალისწინოთ "ჯანსაღი კვების&ქუოტ; პრინციპები"

აირჩიეთ უცხიმო, მჭლე ხორცი.

მიირთვით თევზეული და ფრინველის ხორცი.

გამოიყენეთ მცენარეული ზეთები.

პური(სასურველია ჟვავის), მოხარშული კარტოფილი, ლობიო, ბრინჯი, ნიორი, ყველი მიირთვით, მხოლოდ ზომიერად.

დიდი რაოდენობით მიირთვით ბოსტნეული და ხილი

მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის და მარილის მიღება.

მაქსიმალურად შეზღუდეთ შებოლილი პროდუქტები, ძეხვეული, ნაღები, არაჟანი,

ნამცხვარი, შოკოლადი.

გახსოვდეთ, ეკლესიური მარხვა რგებს სულსაც და სხეულსაც!

ჯანმრთელი კვება საშუალებას მოგცემთ, გაიკონტროლოთ თქვენი წონა, ხელი შეუშალოთ ათეროსკლეროზის განვითარებას!

up


სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე

სისხლში ჭარბი ქოლესტეროლი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას!

ქოლესტეროლი ათეროსკლეროზული ფოლაქების შენებაში იღებს მონაწილეობას.

ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებენ სისხლძარღვების სანათურს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების წინაპირობას ქმნიან. მრავალი გამოკვლევით დადგენილია, რომ სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე პირდაპირ დამოკიდებულებაშია გულისა და სისხლძარღვების დაავადებებთან, ანუ, რაც უფრო მაღალია ქოლესტეროლის დონე, მით უფრო მაღალია ინფარქტის, ინსულტის და სხვა სისხლძარღვოვანი "კატასტროფების" რისკი.

აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა ნორმის ფარგლებში შევინარჩუნოთ.

ეს ბევრ პრობლემას აგვაცილებს თავიდან. ამისათვის კი:

დაიცავით დიეტა.

იმოძრავეთ.

შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე.

პერიოდულად აკონტროლეთ სისხლშქოლესტეროლის შემცველობა.

(დეტალურ ინფორმაციას ათეროსკლეროზის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ "გენეზისი"-ს ბროშურებში "ათეროსკლეროზი" და "სამკურნალო კვება ათეროსკლეროზის დროს")

up


სიმსუქნე

სიმსუქნე, ყველაზე ხშირად, ჩვენივე დაუდევრობის შედეგია.

ეცადეთ, აკონტროლოთ სხეულის წონა. მისი სიჭარბე არც თვალისთვისაა სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვისაც მავნებელია.

სიმსუქნე ათეროსკლეროზის, არტერიული წნევის მატების (ჰიპერტენზიის), გულის იშემიური დაავადების (სტენოკარდია, ინფარქტის) განვითარების ერთ-ერთი რისკის ფაქტორია, ამიტომ,თუ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ:

დაიცავით დიეტა, მაგრამ ნუ იშიმშილებთ!

ივარჯიშეთ!

თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი სხეულის წონა ჭარბია და მას საკუთარი ძალებით ვერ აკონტროლებთ, საკონსულტაციოდ მიმართეთ ენდოკრინოლოგს, ან დიეტოლოგს, ხოლო, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ _ ზოგადი პროფილის ექიმს.შეგიძლიათ მიმართოთ განტვირთვის კვების რეჟიმს კვირაში 1-2 -ჯერ

(იხილეთ განტვირთვის დღეების მაგალითები "გენეზისი"-ს ბროშურებში " სამკურნალო კვება ათეროსკლეროზის დროს" და "სამკურნალო კვება ჰიპერტონული დაავადების დროს").

up


ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

ალკოჰოლი ბევრისთვის პრობლემისაგან გაქცევის საშუალებაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის გამოსავალი. დაიმახსოვრეთ, პრობლემებს ალკოჰოლი ვერ ხსნის და ხანგრძლივ რბოლაში თქვენი ორგანიზმი აუცილებლად დამარცხდება!

საქართველო ღვინის ქვეყნად ითვლება, მაგრამ, გაითვალისწინეთ - ჭარბი რაოდენობით ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი მავნებელია!

ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმში ნახშირწყლებისა და ცხიმების ცვლაზე და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ზოგ შემთხვევაში ალკოჰოლის მიღება კატეგორიულად აკრძალულია:ღვიძლის ციროზი, ფსიქოზი, ეპილეფსია, ზოგიერთი წამლის მიღება - სედაციური და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტი-დეპრესანტები, მეტრონიდაზოლი და სხვა.

სამწუხაროა, მაგრამ ბევრს სჭირდება შეხსენება - ტრანსპორტის მართვა, ცეცხლსასროლ იარაღთან, ან მომწამლავ, ტოქსიკურ ნივთიერებებთან ურთიერთობა, სიმაღლეზე მუშაობა, პაციენტთან ურთიერთობა და სხვა ქმედებები, რომლებიც ყურადღების განსაკუთრებულ დაძაბვას მოითხოვენ, ალკოჰოლთან შეუთავსებელია -თქვენ ხომ საკუთარ თავთან ერთად სხვის სიცოცხლესაც აგდებთ საფრთხეში!

მართლაც, ჩვენი ცხოვრება პრობლემებითაა სავსე. სანერვიულო ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და ჩვენც, ხშირად, არ ძალგვიძს თავის შეკავება.

მცირე რაოდენობაში სუფთა ეთილის სპირტის 10 გრამი იგულისხმება, რაც, თავის მხრივ, დღეში მაგარი ალკოჰოლური სასმელის 50 მილილიტრს, ან ღვინის 200 მილილიტრს (ერთ ჭიქას) გულისხმობს. ამ რაოდენობით ნებისმიერი სასმელი შეგიძლიათ მიიღოთ, თუმცა უპირატესობა, სხვა დადებითი თვისებების გამო, ნატურალურ წითელ ღვინოს უნდა მიენიჭოს.ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვები რაოდენობის სასმელი &ქუოტ;დააგროვოთ&ქუოტ; და რაღაც პერიოდის შემდეგ ერთად მიირთვათ.

გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, ნუ დაიწყებთ სასმელების მიღებას !

იყავით ფრთხილად, ნუ დალევთ ისეთ სასმელს, რომლის კარგ ხარისხში ეჭვი გეპარებათ!

up


ჰიპოდინამია

უმოძრაობა, ანუ ცხოვრების მჯდომარე წესი, ყველა იმ ავადმყოფობის რისკის ფაქტორია, რომლებიც ამ ბროშურაში არის ნახსენები და ბევრი სხვისაც, რომლებიც აქ არ დასახელებულა.

მისდიეთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას!

რით დავიწყოთ?

დაიწყეთ ვარჯიში, მხოლოდ თანდათან, მაქსიმუმ კვირაში 3-ჯერ, დღეგამოშვებით.

ივარჯიშეთ თქვენთვის ზომიერი დატვირთვით, ნელ-ნელა მზარდი დროის ინტერვალებით 25-60 წუთის განმავლობაში. არ დაიღალოთ!

ვარჯიში უნდა მოიცავდეს სამ ფაზას:

1. ე.წ.მოთელვის ფაზა 5-10 წუთის განმავლობაში _ მაქსიმალური დატვირთვის ნახევრით. (ამ დროს შეგიძლიათ, გააკეთოთ ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული ბრუნვითი ვარჯიშები სხეულის ყველა სახსარში, იაროთ და ა. შ.)

2. მაქსიმალური დატვირთვის ფაზა 15-40 წუთის განმავლობაში

3. კუნთების მოდუნების ფაზა 5-10 წუთის განმავლობაში (ღრმა სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე)

თუ დაიღლებით, ან დისკომფორტს იგრძნობთ, შეისვენეთ.

ასაკიანმა პირებმა აქცენტი უნდა გააკეთონ მოთელვის ფაზაზე.

ვარჯიშის რეკომენდებული სახეებია: ფეხით სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ბაღში მუშაობა, ცურვა, აერობიკის ტიპის ცეკვა.

თუ გარკვეული მიზეზით შეწყვეტთ ვარჯიშს, იგი ნაკლები დატვირთვით უნდა განაახლოთ! (ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ კი ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ).

თუ რაიმე ქრონიკული დაავადებით ხართ ავად, მიმართეთ ექიმს და მასთან ერთად შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ვარჯიშის სახე და ინტენსივობა.

up


ნერვული სტრესი

ჩვენი რეალობის ყველაზე აქტუალურიპრობლემა!

მართლაც, ჩვენი ცხოვრება პრობლემებითაა სავსე. სანერვიულო ყოველი ფეხის ნაბიჯზეა და ჩვენც, ხშირად, არ ძალგვიძს თავის შეკავება.

მოდით, ვეცადოთ:

ხშირად გავიღიმოთ.

უფრო მსუბუქად შევხედოთ ცხოვრებას.

ხშირად გამოვხატოთ ჩვენი კარგი განწყობა ამ თუ იმ პიროვნებისა და მოვლენის მიმართ.

ხშირად გავიხსენოთ ის კარგი რამ, რაც ცხოვრების გზაზე შეგვხვედრია.

ვეცადოთ, ირგვლივ მყოფთ ვაპატიოთ ის, რისი პატიებაც შესაძლებელია.

ხშირად მოვუსმინოთ მუსიკას, სიმღერას.

მოერიდეთ საინფორმაციო საშუალებებით გადმოცემული ომების, კატასტროფების, კრიმინალური ქრონიკის, პოლიტიკური კონფლიქტების შესახებ ინფორმაციების რეგულარულ ყურებას, მოსმენასა თუ წაკითხვას.

ცუდი გუნება-განწყობა გადამდებია!

გახსოვდეთ, რომ ძლიერი სტრესის შემთხვევაში, ემოციური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არსებობს სამი გზა:

გადატანილი განცდების ახლობელი ადამიანისთვის, ფსიქოლოგის, ან მოძღვრისთვის გაზიარება,

ტირილი,

დრო, რომელიც ყველაფრის მკურნალია.

მოდით, ვეცადოთ, დამატებით არ გავურთულოთ ერთმანეთს ცხოვრება!

იცოდეთ! ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში ამცირებს, ან ხსნის სტრესს.

up


შაქრიანი დიაბეტი

ამ დაავადების შესახებ მინიმალურ ინფორმაციას მაინც ყველა უნდა ფლობდეს!

შაქრიანი დიაბეტი არის სისხლში შაქრის (გლუკოზის) შემცველობის ნორმაზე მეტად მომატება. მისი ძირითადი სიმპტომებია: შარდვის გახშირება და გაძლიერება, პირის სიმშრალის, წყურვილის გაჩენა.

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ავადმყოფობაა. იგი იწვევს სისხლძარღვების დაავადებას და ამასთანავე ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებასაც.შაქრიანი დიაბეტის შესაძლო

თანამდევი პრობლემებია: არტერიული წნევის მომატება, გულის იშემიური დაავადება, ქვემო კიდურებისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თირკმელების დაზიანება, მხედველობის დაქვეითება.

მიუხედავად ჩამოთვლილი პრობლემების სერიოზულობისა, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მუდმივად გაიზომავთ სისხლში შაქრის დონეს და შეასრულებთ მარტივ მითითებებს:

მისდიეთ ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას.

დაიცავით დიეტა.

რეგულარულად მიიღეთ ექიმის მიერ შერჩეული წამალი მისივე შერჩეული დოზით.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დიეტას ადგენს ექიმი ენდოკრინოლოგი დიეტოლოგთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად _ დაავადების ფორმის, სიმძიმის, დიაბეტისათვის დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის, პაციენტის ფიზიკური აქტივობისა და თანმხლები დაავადების (თუ ასეთი არსებობს) გათვალისწინებით.

მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ყველა შემთხვევაში აუცილებელია კვების ძირითადი პრინციპების დაცვა:

საკვების ხშირი (არანაკლებ 4-5ჯერ დღეში) და რეგულარული მიღება.

ყოველდღიურად დაცული უნდა იქნეს თანაბარი რაოდენობა ძირითადი საკვები ინგრედიენტებისა (ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი) და მათი ენერგეტიკული ღირებულება - კალორიულობა.

დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონი ღარიბი უნდა იყოს ნახშირწყლებით და შეიცავდეს ძნელად ასათვისებელ ნახშირწყლებს (წიწიბურას, ქერის, შვრიის ბურღული და პურპროდუქტები).

აუცილებლად შეიცავდეს საკმარისი ოდენობით უჯრედისს (ოხრახუში, სატაცური, ბოლოკი, ტარხუნა, წიწმატი, ქინძი, კამა და კიტრი). სხვა ხილისა და ბოსტნეულის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

ცხიმების დღიური ნორმის 2/3 უნდა მოდიოდეს მცენარეულ ცხიმზე.

დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდირებუ-ლია შემდეგი კვების პროდუქტები:

უხეშად დაფქვილი ხორბლისა და ჭვავის პური 100 - დან 400 გ.-მდე დღეში. წიწიბურა, გერკულესი 80 გ.-ის ოდენობით. 100 გ. პურის ნაცვლად შეიძლება მიირთვათ 100 გ. მჭადი, ან ღომი, ან 200 - 300 გ. კარტოფილი.

უცხიმო ხორცი: საქონელი, ქათამი, კურდღელი, თევზი, 200 - 300 გ.-მდე დღეში, მოხარშული სახით.

უცხიმო ყველი (ცხიმიანობა 30%). 50 გ. მაწონი და რძე - 500 გ.-მდე, ხაჭო სასურველია უცხიმო, 120 - 200 გ.-მდე.

კვერცხი 1-2 ცალი კვირაში 3 ჯერ. (ხანდაზმულ ასაკში არ არის სასურველი კვერცხის გულის მიღება).

ვეგეტარიანული სუფი და ბორში ზეითუნის, მზესუმზირის, ან სიმინდის ზეთზე დამზადებული.

კარაქი 10 _ 30 გ. - მდე. (მცენარეული ცხიმი უნდა შეადგენდეს ცხიმის დღიური ნორმის 2/3-ს.)

ხილი და ბოსტნეული

პამიდორი, კიტრი, კომბოსტო, ყაბაყი, მწვანე სალათის ფურცლები, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, ბოლოკი, ოხრახუში, კამა, მჟავე ვაშლი და ქლიავი, საზამთრო - 600 - 800 გ.-მდე დღეში. სტაფილო, ხახვი, მოხარშული ჭარხალი, ნიახური, ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, მარწყვი, მოცხარი, ჟოლო - 200 გ.-მდე დღეში.კარტოფილი 200 - 300 გ.-მდე დღეში. ამ შემთხვევაში რაციონში უნდა შემცირდეს სხვა ნახშირწყლის შემცველი პროდუქტი, მაგ. პური. საორიენტაციოდ: 60 გ მოხარშული კარტოფილი = 25 გ. ჭვავის პურს, ან 20 გ. ხორბლის პურს, ან 30 გ. თეთრ პურს.

უშაქრო ჩაი და ყავა, მჟავე ხილის და ბოსტნეულის წვენი (განსაკუთრებით პამიდვრის), ასკილის ნაყენი, მინერალური წყლები.

აკრძალულია შემდეგი კვების პროდუქტები:

შაქარი, კამფეტი, მურაბა, თაფლი, ნაყინი, ჯემი, შოკოლადი.

ალკოჰოლიანი სასმელები (არაყი, კონიაკი, ღვინო), ტკბილი უალკოჰოლო სასმელები · (კოკა-კოლა, სპრაიტი, ფანტა, პეპსი-კოლა, ა.შ.) და დამტკბარი ხილის წვენები.

თეთრი პური, ნამცხვარი, მაკარონი, ვერმიშელი, ბრინჯი, მანანის ბურღული.

ცხიმიანი რძის, თევზისა და ხორცის პროდუქტები. ღორისა და ცხვრის ხორცი. ტვინი, ღვიძლი, შიგნეულობა, ხორცის ბულიონზე დამზადებული წვნიანი კერძები.

ხილი და ბოსტნეული: მწვანე ბარდა, გამხმარი სოკო, უმი ჭარხალი, ყურძენი,·ბანანი, ანანასი, მსხალი, ლეღვი, თუთა, კარალიოკი, ბროწეული, ფინიკი, გარგარი, ნესვი, ატამი, კომში, ტკბილი ვაშლი, ხილის ჩირი (ქიშმიში, ქლიავი, გარგარი).

თქვენთვის საჭირო დამატებითი და უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

up


სისხლის წნევის მატება

არტერიული წნევის მომატება, ერთი შეხედვით, ელემენტარული, მაგრამ არცთუ ისე მარტივი პრობლემაა

მომატებული წნევა, ანუ ჰიპერტენზია, წარმოადგენს არა მარტო გულის იშემიური დაავადების, არამედ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის (ინსულტის) და თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკ-ფაქტორსაც.გახსოვდეთ!

ნამდვილად გაქვთ თუ არა არტერიული ჰიპერტენზია, საჭიროებთ თუ არა მკურნალობას და თუ საჭიროებთ, რომელი მედიკამენტებით (წამლებით) - ამის გადაწყვეტა ექიმის პრეროგატივაა.

წნევის მომატებისას მიმართეთ ექიმს. ამასთან, არ დაიზაროთ, შეასრულეთ ამ ბროშურაში მოცემული მარტივი რჩევა-დარიგებები.

თქვენი წნევის მოწესრიგება მნიშვნელოვნადაა თქვენზე დამოკიდებული!

(დეტალური ინფორმაცია ჰიპერტონული დაავადებისა და არტერიული ჰიპეტენზიის შესახებ იხილეთ "გენეზისის" შეასაბამის ბროშურაში).

up


ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.

მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association