ოსტეოპოროზი

რა არის ოსტეოპოროზი ?

"ოსტეოპოროზი" სიტყვასიტყვით ძვლების ფოროვნების მომატებას ნიშნავს.

ნორმალური ძვალი       ოსტეოპოროზული ძვალი

ოსტეოპოროზით დაავადებული ძვლები ნაკლებად მკვრივია (მაგარია), ვიდრე ნორმალური ძვლები;

ოსტეოპოროზული ძვლები უფრო ადვილად ტყდება, მცირე დაზიანების (დარტყმა, დაცემა) შედეგად და დაზიანების გარეშეც კი;

ოსტეოპოროზით დაავადებულთა 80% ქალია;

ოსტეოპოროზით დაავადებულ ქალთა 80% 65 წელზე მეტი ასაკისაა;

მენოპაუზის დადგომის შემდეგ ქალების ძვლის სიმკვრივე ყოველ წელს 1-2%-ით იკლებს;

ძვალი აგებულია მკვრივი ცილისა და კალციუმის მარილებისაგან შემდგარი ხარიხებით. ეს ხარიხები მუდმივად განახლებადი ცოცხალი ქსოვილია, რომელშიც ერთდროულად მიდის ძვლის უჯრედების წარმოქმნის და დაშლის პროცესი.

ბავშვებსა და ახალგაზრდებში ძვლის ახალი ქსოვილის წარმოქმნის პროცესის სიჩქარე სჭარბობს დაშლისას. ამის გამო ძვალი იზრდება და მკვრივდება. 35 წლის ასაკის შემდეგ იწყება ორგანიზმის ნორმალური დაბერების პროცესი, რის ფონზეც ძვლის ქსოვილის დაშლა სჭარბობს წარმოქნა-განახლებას.

ადამიანს ძვლები ყველაზე მაგარი 20-35 წლის ასაკში აქვს.

რა უწყობს ხელს ოსტეოპოროზის განვითარებას?

ქალის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის დაბალი დონე:

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ოსტეოპოროზით დაავადებულთა უმრავლესობას შეადგენენ 65 წელზე მეტი ასაკის ქალები, ანუ ისინი, ვისაც კარგა ხანია დაეწყო მენოპაუზა (კლიმაქსი). როგორც ცნობილია, მენოპაუზა გამოწვეულია ქალის სასქესო ჰორმონების კლებით. სწორედ ერთ-ერთი სასქესო ჰორმონი - ესტროგენი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ძვლის ქსოვილის განახლების პროცესში, მისი ნაკლებობა განაპირობებს ოსტეოპოროზის განვითარებას;

გარდა ბუნებრივი მენოპაუზისა, ესტროგენების დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს:

  • საკვერცხეების ადრეული ამოკვეთა (45 წლამდე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ოპერაციის შედეგად ორივე საკვერცხის ამოღება ხდება).
  • მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა 6 თვის, ან მეტი ხნის განმავლობაში ჭარბი (ინტენსიური) ვარჯიშის, ან მკაცრი დიეტის შედეგად;

ცხოვრების უმოძროაო წესი, ჯდომითი სამუშაო, წოლითი რეჟიმი და ა.შ;

ზოგიერთი წამლის ხანგრძლივად გამოყენება: მაგალითად კორტიკოსტერო-იდების (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი და სხვა) დიდი დოზების სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღება;

მამაკაცები, რომელთაც კაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დაბალი დონე აქვთ ასევე იმყოფებიან ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ;.

ოსტეოპოროზის განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს აგრეთვე ზოგიერთი ქრონიკული დაავადება:

  • ნაწლავების ისეთი დაავადებები, რომლებიც საკვები ნივთიერებების შეწოვას უშლიან ხელს, მაგალითად: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკია;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები: ვირუსული, ან ალკოჰოლური ჰეპატიტი, ციროზი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა;
  • ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის სიჭარბე: ტოქსიური ჩიყვი;

ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;

საკვებში კალციუმის და ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობა: თუ ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში, მოკლებულია კალციუმის და ვიტამინის შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა: რძე და რძის ნაწარმი, თევზეული, ხორცი - მისი განწყობა ოსტეოპოროზისადმი მნიშვნელოვ-ნად გაიზრდება;

სხეულის ნორმასთან შედარებით მკვეთრად ნაკლები წონა;

მემკვიდრული განწყობა: ოჯახში ოსტეოპოროზის, თეძოს და სხვა ძვლების ხშირი მოტეხილობის შემთხვევები.

რა ნიშნებით ვლინდება ოსტეოპოროზი?

ოსტეოპოროზს “ჩუმ" დაავადებას უწოდებენ. ადამიანების უმრავლესობამ არც იცის, რომ მათი ძვლები ცვდება და განილევა. ოსტეოპოროზი წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს. თუმცაღა, უხშირესად, მის პროგრესირებასთან ერთად ვლინდება გარკვეული სიმპტომები, რაც ჯეროვან ყურადღებას მოითხოვს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ხართ 50 წელზე მეტის, გაქვთ ზემოჩამოთვლილ რისკის ფაქტორთაგან ორი ან მეტი და შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

ხერხემალში და სახ-სრებში უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი;

წელის ტკივილი;

შეგეცვალათ ტანადობა: ატყობთ, რომ მოიხარეთ და გასწორება ხერხე-მალში უსიამოვნო შეგრძნებას და ტკივილს იწვევს;

მოიკლო თქვენმა სიმაღლემ.

ოსტეოპოროზის ყველაზე ტიპიური და სარწმუნო გამოვლინებაა ძვლის მოტეხილობა, რომელიც უმნიშვნელო ტრავმის ან დატვირთვის შედეგად (დაცემისას ან უხერხული მოძრაობა) შეიძლება განვითარდეს:

ყველაზე იოლად მაჯისა და ბარძაყის ძვლები ტყდება;

ოსტეოპოროზმა ხერხემლის მცირე მოტეხილობებიც შეიძლება გამოიწვიოს. ეს კი ხერხემლის გამრუდებისა და სიმაღლის დაკარგვის მიზეზი ხდება.

როგორ შეიძლება ოსტეოპოროზის თავიდან აცილება?

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა ახალგაზრდობიდანვე უნდა დაიწყოს.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მათ ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი აქვს, რეგულარულად ვაგჯიშობს დადის და ნორმალურად იკვებება, ოსტეოპოროზი ბევრად უფრო გვიან ეწყება.

ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჯანმრთელი კვება:

მკვრივი ძვლების წარმოქმნისა და შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და კარგად დაბალანსებული კვება. პურისა და მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცეულის და თევზეულის კომბინაციამ უნდა უზრუნველყოს თქვენი ორგანიზმი საჭირო საკვები პროდუქტებით.

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის განსაკუთრებით ღირებულია კალციუმით მდიდარი პროდუქტები. გამოთვლილია, რომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის 40 წელს ზევით ქალებს და 55-60 წელს ზევით მამაკაცებისათვის აუცილებელია 1000-1500 მგ კალციუმი დღეში:

ცხრილში მოყვანილია კალციუმით მდიდარი პროდუქტები და მათში კალციუმის შემცველობა:

კალციუმის შეწოვისათვის ორგანიზმს D ვიტამინი ესაჭიროება. ზაფხულის თვეებში სახესა და მხრებზე 15-20 წთ-ის განმავლობაში დღის სინათლის მოხვედრა სრულიად საკმარისია ორგანიზმში D ვიტამინის წლიური მარაგის შესაქმნელად და ამისთვის მზის აბაზანების ხანგრძლივად მიღება და გარუჯვა საჭირო არ არის. საკვები პროდუქტებიდან D ვიტამინის წყაროს მარგარინი და ცხიმიანი თევზი წარმოადგენს.

ვარჯიში

რეგულარული ვარჯიში ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს, რადგან აუმჯობესებს ძვლების ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მათი სიმკვრივის შენარჩუნებას.

სასარგებლოა:

სიარული: ყოველდღე, მინიმუმ 1 საათი;

კვირაში სამჯერ 30-30 წუთის განმავლობაში:

  • სირბილი და ძუნძული;
  • აერობიკა და ცეკვა;
  • ჩოგბურთი;
  • ხტუნვა.

თუ არასოდეს გივარჯიშიათ, ფიზიკური დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ ისე, რომ ჯერ ვარჯიშის სიხშირე გაზარდოთ, ხოლო შემდეგ ინტენსივობა. თუ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გაქვთ, რომლებიც თქვენი გულის და სუნთქვის ფუნქციას არღვევს (მაგალითად, გულის იშემიური დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ქრონიკული ბრონქიტი, ასთმა და სხვა), ვარჯიში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ დაიწყეთ.

ოსტეოპოროზის მკურნალობა ამჟამად არსებობს ეფექტური მკურნალობის სხვადასხვა ტიპები, რომლებიც ძვლის სიმკვრივეს ზრდიან და მოტეხილობათა პროფილაქტიკას ახდენენ. ესენია:

ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია (ჩჰთ):

  • ქალებში: ესტროგენის შემცველი მედიკამენტები;
  • ტესტოსტერონის მედიკამენტური ფორმის გამოყენება შესაძლებელია იმ მამაკაცებთან, რომლებსაც ამ ჰორმონის ნაკლებობა აღენიშნებათ;
  • კალციტონინი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც ძვლის დაშლაზე პასუხისმგებელი უჯრედების მოქმედების ბლოკირებას ახდენს.

ბიფოსფონატები არაჰორმონული საშუალებებია, რომლებიც აფერხებენ ძვლის დაშლის პროცესს;

ვიტამინი D: აუმჯობესებს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას;

კალციუმის შემცველი მედიკამენტები.

გახსოვდეთ, რომ მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია. თვითმკურნალობა დაუშვებე-ლია, რადგან არასწორად მიღებულმა წამალმა შეიძლება ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

Copyright © 2001-2003 The GENESIS Association