ჯანმრთელი
ფეხმძიმობა

ფეხმძიმობა ქალის ნორმალური, ფიზიოლოგიური და, ამავე დროს, მეტად საპასუხისმგებლო მდგომარეობაა.

ფეხმძიმობის 9 თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის.

დაფეხმძიმებამდე და ფეხმძიმობის პერიოდში ყველა ქალმა თავიდან უნდა შეაფასოს თავისი ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი ზრდის მომავალი ბავშვის სიჯანსაღის ხარისხს.

იცით თუ არა, რომ:

  • ქალების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხვდება, რომ ფეხმძიმედაა, როცა მომდევნო მენსტრუაცია აღარ მოსდის. ამ დროისათვის კი, დაახლოებით, ორი კვირაა გასული ჩასახვიდან;
  • ბავშვის ორგანოების ფორმირება ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე, მე-2-8 კვირის განმავლობაში ხდება, თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების მეტი ალბათობაც ამავე პერიოდშია;
  • ფეხმძიმობის და მშობიარობის გართულებების და ბავშვის თანდაყოლილი დეფექტების თავიდან აცილება ფეხმძიმობამდელ და ფეხმძიმობის პერიოდში ცხოვრების წესის მაქსიმალური მოწესრიგებით შეიძლება.
ძვირფასო ქალებო, თუ საერთოდ გეგმავთ ბავშვის ყოლას, მის ჯანმრთე-ლობაზე ზრუნვა, საუკეთესო შემთხვევაში, ფეხმძიმობამდე უნდა დაიწყოთ.

როგორ მოვემზადოთ ფეხმძიმობისათვის?

შეინარჩუნეთ სხეულის ნორმალური წონა: ნორმალური წონის ქალებს ბავშვის ჩასახვის, ჯანმრთელი ფეხმძიმობის და ნორმალური მშობიარობის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ჭარბი ან ნორმაზე ნაკლები წონა აქვს;

ჯანმრთელი კვება ქმნის ორგანიზმში ძირითადი საკვები ნივთიერებების, ვიტამინების და მინერალების საჭირო მარაგს;

შეწყვიტეთ თამბაქოს წევა: არამწეველებთან შედარებით მწეველებში ჩასახვის ალბათობა მცირეა, ხოლო აბორტების და ნაადრევი მშობიარობისა _ მეტი;

მოერიდეთ ალკოჰოლს: მისი რეგულარული და ჭარბი მოხმარება ხელს უშლის ჩასახვას და ზრდის თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შანსს (იხილეთ ქვემოთ).

მოერიდეთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას, რადგან ისინი მკვეთრად ამცირებს როგორც ბავშვის ჩასახვის შანსს, ისე ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობას

შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს: ცნობილია, რომ სტრესები უარყოფითად მოქმედებს როგორც ჩასახვაზე, ასევე ნაყოფზე. ეცადეთ, არ უყუროთ მძიმე სატელევიზიო გადაცემებს და საინფორმაციო პროგრამებს, არ წახვიდეთ იქ, სადაც წინასწარ ელოდებით მძიმე განცდებს, თავი აარიდეთ კონფლიქტებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იფიქრეთ იმაზე, რომ წინ გაქვთ მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პერიოდი, რაც თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს.

ფეხმძიმობის დადგომამდე, აუცილებლად მიმართეთ ექიმს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესამოწმებლად და მოსაწესრიგებლად:

  • დაადგინეთ, ხომ არ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. თუ აღმოგაჩნდათ, აუცილებლად იმკურნალეთ დაფეხმძიმე-ბამდე თქვენც და თქვენმა მეუღლემაც;
  • მოიწესრიგეთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები;
  • თუ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად: ასთმა, დიაბეტი, ეპილეფსია და სხვა), მაქსიმალურად უნდა მოიწესრიგოთ და აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმთან ერთად;
  • გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა მოხდილი წითურა, და თუ არა _ აუცილებლად გაიკეთეთ აცრა დაფეხმძიმებამდე 8 თვით ადრე. გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის დროს (განსაკუთრებით პირველ ნახევარში) განვითარებული წითურა საშიშროებას უქმნის ნაყოფის სიცოცხლეს;

მაქსიმალურად შეზღუდეთ მავნე გარემოს ზემოქმედება თქვენს ორგანიზმზე:

  • მავნე ფაქტორებს, როგორიცაა ქიმიკატები, ტყვია, საანესთეზიო აირები, რენტგენის სხივები შეუძლიათ როგორც ჩასახვის შანსის შემცირება, ისე ნაყოფის განვითარებაზე მავნე ზეგავლენა.

ფეხმძიმობის პირველი ნიშნები:

გამოტოვებული მენსტრუაცია;

სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ზომაში მომატება, დვრილების გამუქება;

გულისრევა, განსაკუთრებით დილას, ამას “ორსულთა დილის გულისრევასაც" უწოდებენ;

ადვილად დაღლა;

გახშირებული შარდვა;

ყაბზობა;

პირში ლითონის სუსტი გემო;

ყნოსვის გამძაფრება;

ზოგიერთი საკვების და სასმელის შეძულება;

საშოდან გამონადენის რაოდენობის მატება.

როგორ უნდა დაადასტუროთ ფეხმძიმობა?

როგორც კი ეჭვს მიიტანთ ფეხმძიმობაზე, მიმართეთ ექიმს: მეან-გინეკოლოგს, ოჯახის, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს;

ადრეულ ეტაპზე ფეხმძიმობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის _ ქორიოგონინის აღმოჩენა. ეს ტესტები დადებით პასუხს იძლევა ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში. მეტი სარწმუნოებისათვის, საჭიროა ტესტის რამდენიმე დღეში გადამოწმება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს.

ფეხმძიმობის დადასტურება ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება უფრო მოგვიანებით_გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ,

ყველაზე ხშირი ჩივილები ფეხმძიმობისას:

ფეხმძიმობის განმავლობაში ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განიცდის. ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა ჩივილები, რომლებიც, როგორც წესი, არაა ძალიან შემაწუხებელი და ქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ფეხმძიმობისავე პერიოდში ან მშობიარობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ამ ჩივილების ინტენსივობა, გარკვეულწილად, ქალის ზოგად ფსიქიკურ ფონზე (ხასიათზე) და განწყობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას: როგორც ბედნიერ ცვლილებას მის ცხოვრებაში, თუ როგორც შემაწუხებელ მოვლენას.

გულისრევა და ღებინება ფეხმძიმეს აწუხებს ორსულობის მე-6-დან მე-14 კვირამდე; უხშირესად ამას “დილის გულისრევის" სახე აქვს, თუმცა, შეიძლება, ეს მთელი დღის განმავლობაშიც აწუხებდეს. ამ სიმპტომს, გარკვეულწილად, ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირებენ. გულისრევის შესამცირებლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, რაციონიდან ამოიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე და ტკბილი საკვები. თუ გაქვთ ხშირი და/ან შეუპოვარი ღებინება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გულძმარვა შეიძლება მთელი ფეხმძიმობის მანძილზე გაწუხებდეთ. მის შესამსუბუქებ-ლად უნდა იკვებოთ მცირე ულუფებით, მოერიდოთ ცხარე, ზედმეტად ტკბილ, ტომატიან და შებოლილ პროდუქტს; შემაწუხებელი გულძმარვისას შეგიძლიათ მიიღოთ გულძმარვის საწინააღმდეგო რომელიმე პრეპარატი ექიმთან შეთანხმებით.

შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები: ფეხმძიმობის პირველი სამი თვის განმავლობაში და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრ ქალს გახშირებული შარდვა აღენიშნება. ეს ჰორმონული ცვლილებების და შარდის ბუშტზე მომატებული ზომის საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტის და შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც, რის თავიდან ასაცილებლადაც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და შეამციროთ სუფრის მარილის მოხმარება.

ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვისას დამახასიათე-ბელია ორსულობის პირველი 12-15 კვირისათვის. ამ სიმპტომის შესამსუბუქებ-ლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად. Aამასთანავე, სისუსტე, შეიძლება, ანემიის (სისხლნაკლებობის) ერთ-ერთი გამოვლინებაც იყოს, ამიტომ რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ყაბზობას ბევრი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, ზომაში მომატებული საშვილოსნოს ზეწოლა მსხვილ და სწორ ნაწლავებზე და ამით მათში საკვების გადადინების შეფერხება, ანემიის გამო რკინის შემცველი ტაბლეტებით მკურნალობა. ყაბზობის თავიდან აცილება შეიძლება დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა წყლის, მაწვნის და უზმოზე უმი ბოსტნეულის და ხილის (შავი ქლიავი, ყურძენი, გარგარი, ლეღვი, ბანანი) მიღებით. ზამთრის პერიოდში, იგივე მიზნით, შეგიძლით მიიღოთ შავი ქლიავის, ლეღვის და გარგრის ჩირი. შემაწუხებელი ყაბზობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მკერდის მგრძნობიარობა და მტკივნეულობა ორსულობის ადრეულ ეტაპზე იჩენს თავს და გაივლის პირველი სამი თვის შემდეგ. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ატარეთ კომფორტული (არა ვიწრო) ბიუსტჰალტერი.

კანის ქავილი აწუხებს ორსულთა 20%-ს, თუ ქავილი მუცელზეა, ეს მუცლის ზომაში მომატების შედეგად კანის დაჭიმვითაა გამოწვეული. ხელის და ფეხისგულების ქავილს ჰორმონული ცვლილებები იწვევს, ხოლო მესამე ტრიმესტრში მთელი კანის ქავილი შეიძლება საშვილოსნოს ნაღვლის ბუშტზე ზეწოლით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების შედეგი იყოს. ამის გასარკვევად უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

წელის ტკივილი თავს იჩენს Aფეხმძიმობის მოგვიანებით პერიოდში და გამოწვეულია ხერხემლის დატვირთვის მკვეთრი ზრდით რასაც, თავის მხრივ, მუცლის და მკერდის ზომაში და წონაში მატება იწვევს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ხშირად წამოწვეთ დასასვენებლად და იხმაროთ ორთოპედიული ლეიბი.

წვივების კუნთების ტკივილი და კრუნჩხვითი შეკუმშვები (კრამპები): გამოწვეულია მომატებული წონის ტანის ზეწოლით ქვედა კიდურებზე, სისხლის შედედების უნარის მატებით, დედის ორგანიზმში კალციუმის შემცველობის კლებით. ამ სიმპტომების შემსუბუქება შემცირება შეიძლება ხშირი დასვენებით, წოლისას და ჯდომისას და ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სიარულით, მსუბუქი მასაჟით და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობით.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძირითადად ქვედა კიდურებში ვითარდება და გამოწვეულია საშვილოსნოს ზეწოლით ბარძაყის ვენებზე, რაც ქვემო კიდურების ვენების დატვირთვას და მათში სისხლის შეგუბებას იწვევს. გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში მომატებული ზოგიერთი ჰორმონი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას. ეს ნიშანი, უხშირესად, ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ. ვენების გაგანიერების ერთ-ერთი გამოვლინებაა ჰემოროიდული კვანძები ანუ ბუასილი, რაც შეიძლება გაუარესდეს ყაბზობის ან მშობიარობისას ჭინთვების ფონზე. პროფილაქტიკა: ორსულთა ბანდაჟის, ან ქამრის ტარება, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგება, მოერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას, ხშირად იარეთ და წამოწექით დასასვენებლად.

კოჭის მიდამოს შეშუპებაც ქვემო კიდურების ვენების დატვირთვის შედეგია, შეშუპების შემცირება შესაძლებელია წოლისას და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სპეციალური ელასტიური წინდების და საორსულო ბანდაჟის ან ქამრის ტარებით და სუფრის მარილის მოხმარების შემცირებით.

ემოციური ლაბილობა (მგრძნობია-რობის მომატება): ქალი ფეხმძიმობის პერიოდში ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე ხდება. ის უფრო მძაფრად განიცდის როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებს. ამიტომ გარშემომყოფებს მეტი მოთმინება მართებთ: ეს განსაკუთრებით მეუღლეებს ეხება, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში ქალები ყველაზე მტკივნეულად მეუღლესთან უთანხმოებას და ფინანსურ პრობლემებს განიცდიან.

ძვირფასო ქალებო, გახსოვდეთ, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა უარყოფითი ემოციები და თქვენი ნერვიულობა მასაც აყენებს ზიანს. ამიტომ, ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებ-ზე. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე

რამდენ ხანს გრძელდება ფეხმძიმობა?

ფეხმძიმობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღის (40 კვირის) განმავლობაში;

მშობიარობის სავარაუდო ვადა უნდა დაადგინოს თქვენმა ექიმმა (მეანმა ან გინეკოლოგმა);

ნორმალური მშობიარობის ვადებია: ორსულობის 38-42 კვირა;

თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე იწყება, ამას ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ;

თუ მშობიარობა 42 კვირაზე მეტად გვიანდება, მას ვადაგადაცილებული მშობიარობა ეწოდება;

როდის და რა სიხშირით უნდა მიმართოთ ექიმს ფეხმძიმობის პერიოდში?

ფეხმძიმობაზე ეჭვის მიტანისთანავე უნდა მიმართოთ თქვენი ოჯახის ექიმს, ან მეან-გინეკოლოგს. მათ უნდა დაადასტურონ ფეხმძიმობა და მოგცენ შესაბამისი რჩევა-დარიგება;

საქართველოში ორსულთა პატრონაჟს, უხშირესად, ახორციელებს ქალთა საკონსულტაციო სამსახური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუმცა, თქვენ სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა შესაბამისი დაწესებულება ან კონკრეტული ექიმი. მთავარია, ფეხმძიმობის არც ერთ ეტაპზე არ დარჩეთ უმეთვალყურეოდ;

გახსოვდეთ, რომ საჭირო გამოკვლევების და მათი ჩასატარებელი დროის შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია. უმჯობესია, მათი რჩევით გადაწყვიტოთ ექოსკოპიის და სხვა გამოკვლევების ჩატარება. ეს დაგიზოგავთ დროს და ფულს;

როგორ უნდა იკვებოთ ფეხმძიმობის პერიოდში?

გახსოვდეთ, რომ იკვებებით ორი ადამიანის მაგივრად. ესე იგი მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ორჯერ მეტი საკვები უნდა მიიღოთ. ეს პრინციპი უფრო საკვების ხარისხს და მრავალფეროვნებას ეხება: დედაც და ბავშვიც საკმაო რაოდენობით უნდა იღებდნენ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს.

კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:

  1. არ გადაიტვირთოთ ზედმეტი საკვებით, რაც შეგიქმნით დისკომფორტს;
  2. უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება.

ამისათვის აუცილებელია: კვება მცირე ულუფებით, 4-5-ჯერ დღეში, რეგულარულად. გახსოვდეთ, რომ კვებებს შორის აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ მინიმალური ინტერვალი 4-5 საათი;

მოერიდეთ: დიდი რაოდენობით საკვების ერთბაშად მიღებას და გვინ საღამოს ან/და ღამე კვებას

ფეხმძიმეთათვის სასარგებლო საკვები პროდუქტებია:

მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;

ყველანაირი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები: სოიო, ლობიო, ბარდა;

ხორცი, თევზი, კვერცხი;

ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), ნაკლებად მარილიანი ყველი, ხაჭო.

მოერიდეთ:

კოფეინის შემცველ სასმელს - ყავა, მაგარი ჩაი, პეპსი-კოლა და კოკა-კოლა; თუ ძალიან მოგინდათ, დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მაქსიმუმ 2 ჭიქა;

ალკოჰოლს _ დედის მიერ მიღებული მცირე რაოდენობით (1 ჭიქა) ალკოჰოლიც კი დიდი დოზაა ნაყოფისათვის (ის შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს) და, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მას;

თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთ ოთახში ყოფნას;

ჭარბ შაქარს და ტკბილ პროდუქტებს: კამფეტებს, შოკოლადს, ნამცხვრებს;

საკვებში ჭარბი მარილის მოხმარებას და მარილიან პროდუქტს, მაგალითად: მარინადები, მწნილები, საწებლები;

ცხოველური ცხიმის ჭარბად მიღებას: კარაქი, არაჟანი, ხორცის ნახარში;

კონსერვირებულ (მათ შორის სახლის პირობებშიც) პროდუქტს: შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს და შესაძლოა გახდეს ისეთი საშიში ინფექციის წყარო, როგორიცაა ბოტულიზმი;

არაპასტერიზებულ და აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძისაგან დამზადებულ პროდუქტებს;

ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცს და თევზს;

თოხლო და უმ კვერცხს;

ღვიძლისა და შიგნეულობისაგან დამზადებულ საკვებს;

დღის განმავლობაში საკვები, შეიძლება, ასე განაწილდეს:

I საუზმე:

  • მარცვლეულის (ხორბალი, შვრია _ ჰერკულესი, წიწიბურა, სიმინდი) ფაფები;
  • რძე, ყველი, ხაჭო;
  • ახალი ხილი ან ხილის წვენი.

    II საუზმე:

  • ბუტერბროდი ხორცით ან თევზით;
  • ბოსტნეულის სალათი (სასურველი მწვანე სალათის ფოთლებით);
  • რძე, ყველი;
  • ახალი ხილი.

    სადილი:

  • ქათმის, თევზის ან ხორცისგან მომზადებული ცხელი კერძი;
  • შემწვარი ან მოხარშული კარტოფილი;
  • მაწონი, ყველი, ან ხაჭო;
  • ახალი ხილი, ან ხილის წვენი.

    ვახშამი:

  • კრეკერები ან ორცხობილა;
  • მაწონი ან რძე.

    მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე: დღის განმავლობაში აუცილებელია 2 ლიტრი (8 ჭიქა) სითხე (წყალი, რძე, სუპები), რომელიც, შეგიძლიათ, მაგალითად, ასე გადაანაწილოთ: 4 ჭიქა წყალი + 1 ჭიქა რძე + 1 ჭიქა მაწონი + 1 თეფში სუპი + 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

    რამდენად შეიძლება მოიმატოს სხეულის წონამ ფეხმძიმობისას?

    ორსულობისას წონის მატება ინდივიდუალურია და უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქალის წონაზე დაფეხმძიმებამდე. ითვლება, რომ საწყისი საშუალო წონის და სიმაღლის ორსულს მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში შეუძლია მოიმატოს 11-დან 16 კილოგრამამდე. ნორმაზე ნაკლები წონის ქალებს მეტის მომატებაც შეუძლიათ, ხოლო მათ, ვისაც ჭარბი წონა აქვს, მატება გარკვეულწილად ეზღუდება;

    წონის მატების დინამიკა თვეების მიხედვით, დაახლოებით, ასე უნდა ნაწილდებოდეს: პირველი სამი კალენდარული თვის განმავლობაში სულ _ 2-3 კილოგრამამდე და ყოველ შემდეგ თვეს _ საშუალოდ 1-2 კილოგრამი;

    ორსულთათვის საზიანოა მკაცრი, ძირითად საკვებ ნივთიერებებს მოკლებული დიეტა, მით უმეტეს, თუ მას წონის დაკლების მიზნით იცავთ. წონის დაკლებაზე შეგიძლიათ ბავშვის გაჩენის და ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ იზრუნოთ.

    ძვირფასო ქალებო, გახსოვდეთ, რომ: ნაყოფის ზრდა და შესაბამისად წონის მატებაც განსაკუთრებით ინტენსიურია ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნე-ლოვანია ჯანმრთელი, დაბალანსებული თუმცა არა გადაჭარბებული კვება. კვების რეჟიმის შესარჩევად უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

    შეიძლება თუ არა ვარჯიში ორსულობისას?

    ზომიერი და ადექვატური ფიზიკური ვარჯიში ძალიან სასარგებლოა. ის ამსუბუქებს როგორც ფეხმძიმობის მიმდინარეობას, ისე მშობიარობას, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ:

    ფიზიკური დატვირთვის სიმძიმე და ინტენსივობა მნიშვნელოვნად არ უნდა აღემატებოდეს თქვენთვის ჩვეულს.

    ვარჯიში უნდა დაიწყოთ ორსულობის ადრეულ პერიოდში და აუცილებლად სპეციალისტის რჩევით, რომელმაც უნდა შეგირჩიოთ ვარჯიშის ინდივიდუალური რეჟიმი;

    ფეხმძიმობის ნორმალური მიმდინარეობის შემთხვევაში უსაფრთხო და სასარგებლოა შემდეგი სახის ვარჯიში:

    საშუალო (ეგრეთ წოდებული “საუბრის") ტემპით სიარული - 45-60 წუთის განმავლობაში: ყოველდღე, უმჯობესია საღამოს საათებში;

    მშვიდი ცურვა (დარწმუნებული უნდა იყოთ წყლის სისუფთავეში): დასაშვებია მე-7 თვემდე;

    მსუბუქი სუნთქვითი ვარჯიში: ყოველდღე, დილა-საღამოს;

    ვარჯიში მცირე მენჯის ფსკერის კუნთებისათვის: დაჭიმეთ და ნელა (10 წამის განმავლობაში) მოადუნეთ შორისის კუნთები, გაიმეორეთ ეს ვარჯიში დღეში 20-30-ჯერ ეს ვარჯიში შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ ადგილას: სამზარეულოში საქმიანობისას, სამსახურში ყოფნისას.

    გახსოვდეთ, რომ ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს მოზომილი და თქვენთვის სასიამოვნო:

    არ გადაიღალოთ;

    ერიდეთ მძიმე ტვირთის (5 კილოგრამზე მეტი) აწევას, ტარებას,სიმაღლეზე ატანას,_ განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში;

    შეწყვიტეთ ვარჯიში და/ან ფიზიკური დატვირთვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ:

    • დაგეწყოთ ტკივილი მუცელში, წელის უჩვეულო ტკივილი, უეცარი ქოშინი, თავის ძლიერი ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა;
    • შენიშნეთ საშოდან გამონადენის მატება ან სისხლიანი გამონადენი;
    • დაგერღვათ წონაში მატება: ფეხმძიმობის 3 თვის შემდეგ თვეში იმატებთ 1 კილოგრამზე ნაკლებს;
    • ნაყოფის მოძრაობა შეწყდა ან მკვეთრად მოიმატა;
    • პულსი და არტერიული წნევა არ ჩაგიდგათ ნორმაში ვარჯიშიდან 1 საათის განმავლობაში.

    რჩევები მათ, ვისაც უწევს ხანგრძლივი ჯდომითი და/ან კომპიუტერთან მუშაობა ფეხმძიმობისას

    თუმცა კომპიუტერის პირდაპირი მავნე გავლენა ორგანიზმზე და ნაყოფზე ჯერ დადგენილი არ არის, უმჯობესია, ხანგრძლივი ჯდომითი და კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის აუცილებლობის შემთხვევაში:

    • ყოველი 1 საათის განმავლობაში 15 წუთი შეისვენეთ და იარეთ;
    • ხშირად გაანიავეთ ოთახი, სადაც მუშაობთ.

    სახიფათოა თუ არა მგზავრობა?

    თუ გეგმავთ მგზავრობას, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს. თუმცა, ჯანმრთელი ფეხმძიმობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:

    ავტოტრანსპორტით მგზავრობისას:

    მოერიდეთ ხალხმრავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, მეტრო), სადაც ხშირადაა უჰაერობა და ჰაერწვეთოვანი ინფექციების გავრცელების რისკი;

    მოერიდეთ მოუწესრიგებელ, უსწორ-მასწორო გზებზე მგზავრობას;

    აუცილებლად გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედები (არ გადაიჭიმოთ მუცელზე);

    მგზავრობისას ფეხმძიმეს მეტად შეიძლება ჰქონდეს გამოხატული “რყევის დაავადების" სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება;

    საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას:

    თითქმის ყველა ავიაკომპანია ერიდება 34 კვირაზე მეტი ვადის ფეხმძიმე ქალის გადაყვანას, რადგან ამ პერიოდში აფრენისა და დაფრენისას ატმოსფერული წნევის ცვლილებამ შეიძლება ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება მოახდინოს;

    ნორმალური ფეხმძიმობის 34-ე კვირამდე ფრენა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ ფრენისას (განსაკუთრებით - ხანგრძლივი) ხდება ორგანიზმის გამოშრობა და უნდა მიიღოთ ბევრი სითხე: წყალი, წვენები, ხილი; დიდხანს ჯდომა დისკომფორტს უქმნის ორსულ ორგანიზმს, ამიტომ თუ საშუალება გექნებათ _ პერიოდულად წამოწექით და სალონში იარეთ.

    სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობა:

    მატარებელი ფეხმძიმეთათვის სამგზავროდ ყველაზე სასურველი და უსაფრთხო ტრანსპორტია, რადგან ხანგრძლივი მგზავრობისას, შეგიძლიათ იმოძრაოთ - იაროთ და ხშირად დაისვენოთ _ წამოწვეთ.

    შეიძლება თუ არა სქესობრივი ურთიერთობა ფეხმძიმობისას?

    ფეხმძიმობისას სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განისაზღვროს. ზოგადად ფეხმძიმობის ნორმალური მიმდინარეობისას სექსი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს:

    სქესობრივი ურთიერთობა არაა მიზანშეწონილი ფეხმძიმობის პირველი სამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში და მენსტრუაციის მოსალოდნელ დღეებში;

    ურთიერთობისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ ქალისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო პოზა (დაუშვებელია მუცელზე ზეწოლა);

    თავი შეიკავეთ სქესობრივი ურთიერთობი-საგან და აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ეს იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, ტკივილს და, მით უმეტეს, სისხლიან გამონადენს საშოდან.

    დაიბადება თუ არა ბავშვი ნორმალური?

    ბავშვების დიდი უმრავლესობა ნორმალური იბადება. თუმცა ზოგ წყვილს მემკვიდრული და თანდაყოლილი დაავადებების აშკარა რისკი აქვს. ამის შესაფასებლად დროულად მიმართეთ სპეციალისტს (გენეტიკოსს, გინეკოლოგს, მეანს) თუ:

    უკვე გყავთ შვილი რომელიმე გენეტიკური დარღვევით;

    თქვენ, თქვენს მეუღლეს, პარტნიორს ან ახლო ნათესავს გაქვთ რაიმე გენეტიკური დაავადება;

    მეუღლე ან პარტნიორი თქვენი ახლო ნათესავია;

    ხართ 30 წელზე მეტი ასაკის. გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოკვლევების საშუალებით შესაძლე-ბელია თანდაყოლილი ანომალიის გამოვლენა ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე და ზოგიერთის თავიდან აცილებაც კი.

    ძუძუს და ძუძუსთავების მოვლა ფეხმძიმობისას

    ფეხმძიმობისას სარძევე ჯირკვლები იმატებს ზომაში, მკვრივდება, შეხებით მგრძნობიარეა და ხანდახან მტკივნეულიც კი. ძუძუს მოვლა და მისი ლაქტაციისათვის (რძის წარმოქმნისათვის) მომზადება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამცირებს ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვლის ანთების (მასტიტის) ალბათობას და უადვილებს ბავშვს კვების პროცესს.

    მესამე თვიდან მიზანშეწონილია ოდნავ მეტი ზომის, კომფორტული ბიუსტჰალტერის ხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სარძევე ჯირკვალზე ზეწოლა და ტრავმირება. როგორც ფეხმძიმობის, ისე ლაქტაციის პერიოდში სასურველია ატაროთ სპეციალური ბიუსტჰალტერები.

    ბავშვის კვებისათვის ჯეროვნად უნდა მოვამზადოთ ძუძუსთავებიც: დაბანისას მოერიდეთ ძუძუსთავების საპნით უხეშად დამუშავებას, რადგან ეს აშრობს მათ ზედაპირს. იხმარეთ რბილი, ფიზიოლოგიური მჟავიანობის (პH=5) თხევადი საპნები. დაბანის და ნაზად გამშრალების შემდეგ დაიმუშავეთ სპეციალური ზეთით ან საცხით. ამ მიზნისათვის ზეითუნის ზეთიც გამოიყენება.

    თუ გაქვთ ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუსთავები, მათ დამუშავებამდე საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს.

    როგორ უნდა მოემზადოთ მშობიარობისათვის?

    მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ფეხმძიმობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:

    პერიოდული, არც თუ ხშირი, მოჭერის უმტკივნეულო შეგრძნება მუცელში, რაც წააგავს სამშობიარო შეტევებს;

    მუცლის გარკვეული “შემსუბუქება", რაც გამოწვეულია ბავშვის თავის მენჯში ჩადგომით;

    მენჯში ზეწოლის შეგრძნება;

    შარდვის გახშირება;

    მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ერთ კილოგრამამდე წონის დაკლება;

    განავლის ჩვეულთან შედარებით გათხიერება;

    ენერგიის უეცარი მოზღვავება, ქალებს, როგორც წესი, ამ პერიოდში უჩნდებათ სახლის დალაგების, მოწესრიგების, ავეჯის გადაადგილების სურვილი;

    შფოთვა და/ან ემოციების მოძალება. ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:

    მოერიდეთ დიდ მანძილზე მგზავრობას (მით უმეტეს მანქანით);

    დიდხანს ნუ დაჰყოფთ ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომად არ არის სამედიცინო სამეანო დაწესებულება;

    მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება; იკვებეთ მსუბუქად, მცირე პორციებით და ხშირად; მკვეთრად შეამცირეთ საკვებში სუფრის მარილი;

    ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;

    ერიდეთ დიდხანს ჯდომად და დგომას; ხშირად წამოწექით დასასვენებლად;

    დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:

    • წელის გახანგრძლივებული ტკივილი;
    • სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
    • ნებისმიერი გამონადენი საშოდან;
    • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
    • არტერიული წნევის აწევა.

    როდის იწყება მშობიარობა?

    დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს და/ან წახვიდეთ სამშობიარო სახლში, თუ:

    სამშობიარო ტკივილის, სიძლიერემ და სიხშირემ იმატა და გახდა რეგულარული: 10-15 წუთში ერთხელ;

    თუ მოხდა სამშობიარო წყლების დაღვრა: ანუ დაგეწყოთ საშოდან უფერო, წყლისმაგვარი სითხის დენა;

    შენიშნეთ მოვარდისფრო ან სისხლიანი გამონადენი საშოდან;

    დაგეწყოთ წელის ან მუცლის ძლიერი, გახანგრძლივებული ტკივილი.

    ძვირფასო ქალებო, გისურვებთ ჯანმრთელ ფეხმძიმობას და ბედნიერ დედობას.

    ბროშურა მომზადებულია «NOVIB»-ის - «ნიდერლანდების ორგანიზაცია საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისათვის» დაფინანსებით.


  • მოკლე ისტორია | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები |
    კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები |
    ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები

    Copyright © 2001-2003 The GENESIS Association