|
საშინელ სიზმრებს ჰგვანან მათი ამბები... რამდენჯერაც იხსენებენ, იმდენჯერ მეორდება თითქოს ომი. |
|
|
ქურთელი დეზდემონა ქავთარაშვილი 110-ე სკოლაში ცხოვრობს: რუსებმა ცხინვალი რომ აიღეს, მერე იერიში ხეობაზე მიიტანეს... 9 აგვისტომდე ჩემს ოჯახს ფეხი არ მოგვიცვლია იქიდან. ზემოდან ავიაცია გვიშენდა ბომბებს, კბილებამდე შეიარაღებული გადამთიელები რა სახის იარაღსა აღარ გვესროდნენ... ვიჯექით ამ ჯოჯოხეთში თავჩარგული, მშიერ მწყურვალები. 8 აგვისტოს კარი კბილებამდე შეიარაღებულმა კაზაკებმა შემოგლიჯეს, მიაყენეს ჩემი ქმარ-შვილი კედელთან და იარაღი მიაბჯინეს, _ დაგხოცავთო. რაც რამ მქონდა დანაზოგი, იქვე დავუყარე, - ოღონდ მაგათ ნუ დახოცავთ და წაიღეთ მეთქი. გაჭრა... წავიდნენ და დაიბარეს, _ თუ ხვალამდე არ გაგვასწრებთ, აღარ დაგზოგავთო. გათენებისას ისევ მოგვაკითხეს, _ თქვენ რა ისევ აქ ხართო?! წამოვედით, უკან მშიერ-მწყურვალი, დამფრთხალი, დაბმული საქონელი მოგვბღაოდა, მაგრამ ვიღას ჰქონდა მათი ჯავრი! ხეობა უკვე ჩეჩნებით, ოსებით და რუსებით იყო სავსე. ია ნინიკური: - თირღვაში ათი ქართული ოჯახი ვიყავით და ათივე გამოვიქეცით. ტყე-ტყე, ფეხით ვიარეთ თბილისამდე... ახლა 110-ე სკოლაში ვართ... მეუღლე 5 წლის წინ გარდამეცვალა, ორი შვილი მყავს, უმცროსი გიორგი ეპილეფსიიანია, ყოველთვიურად 70 ლარის წამლები სწირდება. ომამდე ობლების შემწეობას მაძლევდა სახელმწიფო და წამლებსაც როგორღაც ვყიდულობდი, ახლა აღარც საბუთი მაქვს, აღარც პენსია... არადა, წამლების გარეშე ბავშვის დატოვება არ შეიძლება... ომის დღეები განსაკუთრებით მძიმე გადასატანი იყო ორსულებისათვის. ფეხმძიმე ქალებზე ძალზე მძიმედ იმოქმედა დაბომბვამ. დღემდე თვითმფრინავის ხმა რომ ესმით, თავზე ხელებს იფარებენ. იციან, საფრთხე რომ არ ემუქრებათ, მაგრამ... დაბომბვისას ერთი, შვიდ თვეზე ცოტა მეტი ხნის ორსული, შიშისაგან მეორე სართულიდან გადმოხტა. საბედნიეროდ, ქალიც გადარჩა და ნაყოფიც. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რადგან ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი სახიფათოა ასეთი სიმაღლიდან გადმოვარდნა.
ნათია ქარელის რაიონის სოფელ ნულის მკვიდრია. როდესაც რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მეუღლემ შედარებით უსაფრთხო ადგილას გახიზნა, მაგრამ ორიოდე დღეში მის ახალ ადგილსამყოფელსაც მიადგნენ რუსული თვითმფრინავები და ფეხმძიმე ქალიც თბილისისკენ იძულებით გადაადგილებულთა ტალღაში აღმოჩნდა. ნათიამ დღემდე არ იცის მეუღლის, მულისა და დედამთილ-მამამთილის ამბავი. იცის, რომ სოფელი მტერმა მიწასთან გაასწორა, მაგრამ იმედი აქვს, რომ ოჯახის წევრები ერთ დღეს აუცილებლად გამოჩნდებიან. ახალგაზრდა კაცი ა. თედეევი სოფ. ზედა ნიქოზში მეუღლის ოჯახში ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. მდგომარეობა რომ დაიძაბა, ბავშვები და მეუღლე თბილისში წამოიყვანა. სოფელში მოხუცები დარჩნენ. ერთ-ერთი დაბომბვისას ჭურვი ეზოში მდგარ წყლით სავსე 200 ლიტრიან ავზს მოხვდა. ძლიერმა ტალღამ ავზი სახლის მეორე სართულზე შეაგდო, რამაც სახლის კედელი და სახურავი დაანგრია, ჭურვის ნამსხვრევი კი მოხუცს მოხვდა და ფილტვი დაუზიანა. ომმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვების ცნობიერებაში: ერედვში მცხოვრები სამი და-ძმა (8წლის, 5 და 4 წლის) გვიან გამოიყვანეს სოფლიდან. დაბომბვისას პატარები საწოლის ქვეშ იმალებოდნენ. ახლა, როცა სამშვიდობოს არიან, ძლიერი ხმაურისას შეშინებულები ისევ საწოლის ქვეშ იმალებიან. თემურ კახნიაშვილი ციური ძუკაშვილი-კახნიაშვილი
ამბავი 1, ცხინვალი პირველი კონფლიქტის დროს ცხინვალში ვცხოვრობდით, ცენტრში მე-4 საშუალო სკოლასა და რაიკომის შენობას შორის. სკოლის შენობაში ქართველების შტაბი იყო განლაგებული, ხოლო რაიკომის შენობაში ოსების. ღია ცეცხლი იყო გახსნილი და ჩვენ ვხედავდით როგორ იხოცებოდა ხალხი ჩვენი ფანჯრების წინ. ერთი სიძე ინჟინერია და ხიდებს აშენებდა ცხინვალში. საპატიო მოქალაქე იყო და ბევრი ოსი ბავშვის ნათლია, მაგრამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი სამიზნე გახდა. მანქანის საბარგულში ხელყუმბარაც კი ჩაუგდეს. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ჩვენს ოჯახს მეზობლები და მეგობრები მხოლოდ იმიტომ ერჩოდნენ, რომ ქართველები ვიყავით. ასე დავტოვეთ ცხინვალი და სოფელ დიცში დავსახლდით ცარიელ მიწაზე. ამბავი 2, სოფ. დიცი, სოფ.ერედვი მიწაზე მუშაობა არცთუ ისე ადვილი იყო, მაგრამ დაუღალავი შრომით შევძელით სახცოვრებელი პირობების შექმნა. ამას წლები დასჭირდა. ჩემი მეორე ქალიშვილი მეუღლესთან ერთად ერედვში ცხოვრობდა სამ შვილთან ერთად. მეუღლე და უფროსი ვაჟი სამხედრო პირები არიან. მეორე შეიარარებული კონფლიქტის დროს მათ სახლი გადაუწვეს, მერე ნასახლარს ტრაქტორით გადაუარეს და მიწასთან გაასწორეს ყველაფერი. 12 სულიანი ოჯახი კვლავ დევნილობაშია. მათ მხოლოდ თავის გადარჩენა მოახერხეს ყველაფერი განადგურდა რაც ამდენი წლების მანძილზე შექმნეს. ახლა თბილისში სკოლის შენობაში ცხოვრობენ საზიარო ნივთების და საერთო ტკივილის ანაბარა. . |
|
|
სამხრეთ-ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ლტოლვილების ბანაკში (ქ. თბილისი, ისნის რაიონი, ყოფილი რუსული სამხედრო ჰოსპიტალი) სექტემბერი 2008წ |
|
ნოდო, 4 წლის, სოფელ ერედვიდან, ლტოლვილთა ცენტრში მოსვლის შემდეგ გაუჩნდა ინფექცია - მთელ სხეულზე აქვს გამონაყარი.
. |
|
შორენა, 27 წლის, სოფელ ქსუისიდან შიშობს, რომ ზამთარში სიცივისაგან მოუკვდება 6 თვის ბავშვი
. |
|
ნიკა, 8 წლის, ინვალიდი ბიჭი და მისი თანასოფლელები ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან სოფელ ერედვში, რამდენადაც ეს სოფელი აღარ არსებობს
. |
|
ვახტანგი, 70 წლის, სოფელ ერედვიდან ამბობს, რომ ძალიან შეწუხდა ხის კარზე წოლით
. |
|
წლინახევრის ნიკა უსინათლოა და დაავადებულია ბავშვთა ცერებრალური დამბლით
. |
|
|
წარდგენა | ძირითადი მიმართულებები | მიმდინარე პროგრამები | პუბლიკაციები | კლინიკები | ქველმოქმედება | ობოლთა თავშესაფრები | პროექტები და აქტივობები | ფინანსური მხარდაჭერა | საკონტაქტო მონაცემები
Copyright © 2008 The GENESIS Association
|