Logo The GENESIS Association English version
მიუსაფარ ბავშვთა ოჯახური ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი "ლამპიონი"

 
მიუსაფარ ბავშვთა ოჯახური ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი ისანი-სამგორის რაიონში, ყოფილი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზეა განლაგებული და 2001 წლის 1 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ცენტრი 50 აღსაზრდელზეა გათვალისწინებული, რომელთა ჩარიცხვა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის არასრულწლოვანთა კომისიის გადაწყვეტილების თანახმად ხდება.

ეს სადღეღამისო ცენტრი მზრუნველობას უწევს 4-დან 14 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ, მაწანწალა, ობოლ, მეურვეობაში მყოფ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. მშობლებს ბავშვების გაყვანა სურვილისამებრ შეუძლიათ შაბათ-კვირას და არდადეგების პერიოდში. ცენტრი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ კი მერიას დაქვემდებარებული განათლების სამეურნეო სამსახურის ხარჯზე იმყოფება.

სარეაბილიტაციო ცენტრის ნახევარი ფართი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მომავალში მისი აღდგენითი სამუშაოებია გათვალისწინებული. ცენტრში განლაგებულია სამეცადინო და სათამაშო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და მუსიკალური დარბაზი. ზემო ბეთლემის მონასტერის მოძღვრის, მამა იოანეს მიერ დაფუძნდა სამლოცველო ოთახი.

ცენტრში არსებული ბავშვებიდან 26 სკოლის მოსწავლეა და ისინი ახლომდებარე სკოლაში დადიან აღმზრდელი დეიდების მეთვალყურეობით. ცენტრი უამრავი სირთულის წინაშე დგას. ერთ ბავშვზე დღიური ოთხჯერადი კვებისათვის გამოყოფილი თანხა 2 ლარია, რაც ვერ უზრუნველყოფს ბავშთა სრულფასოვან კვებას. გარდა ამისა ცენტრის განკარგულებაშია მხოლოდ ერთი წყლის გამაცხელებელი, რაც ასევე სრულად ვერ აკმაყოფილებს ცენტრის მოთხოვნილებებს.

სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელების ჯანმრთელობაზე სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები ზრუნავენ. ეს დახმარება მუდმივ ხასიათს ატარებს და მოიცავს პირველად სამედიცინო დახმარებას, სამედიცინო კონსულტაციებს და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ამათთაგან უნდა აღინიშნოს ორგანიზაცია ექიმები საზღვრების გარეშე - თბილისის პროგრამის რეგიონალური კოორდინატორის, ქ-ნ ელიზაბეტ კლინკეს ძალისხმევა და ასოციაცია გენეზისის პრეზიდენტის, ქ-ნი მაია მგალობლიშვილის, ამავე ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობის კოორდინატორის, ქ-ნი ქეთევან გოგოლაშვილისა და მთლიანად ასოციაციის მუდმივი ყურადღება და ძალისხმევა ჩვენი ცენტრის მიმართ. ცენტრის აღსაზრდელებს უყურადღებოდ არც კერძო პირები ტოვებენ. მათ მიერ გადმოცემულმა ფეხსაცმელებმა და ქურთუკებმა ბავშვები დიდად გაახარა.

სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად უამრავი სირთულე და პრობლემაა, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციებისა, თუ კერძო პირების თანადგომა გვაიმედებს, რომ ვითარება უკეთესისკენ შეიცვლება და მშობლების მზრუნველობას მოკლებული პატარების მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ბავშვთა ცენტრის დირექტორი: ციური კარელიძე
ტელ: 79 86 40

 


Copyright © 2001-2003 ასოციაცია "გენეზისი"